ანოტაცია
თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 2 მგ ესტრადიოლს (ესტრადიოლის ჰემიჰიდრატის სახით).
ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერება: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 36.8 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს.
დამხმარე საშუალებების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტში 6.1.
სამკურნალო ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
ლურჯი ფერის, აპკიანი გარსით დაფარული, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, რომლებზეც ამოტვიფრულია NOVO280. დიამეტრი 6 მმ.
- კლინიკური თვისებები
- თერაპიული ჩვენებები
ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია პოსტმენოპაუზის დროს ესტროგენის დეფიციტის სიმპტომებისთვის.
ოსტეოპოროზის პრევენცია პოსტმენოპაუზის დროს ქალებში, რომლებშიც არსებობს მომავალაში მოტეხილობების რისკი და რომლებშიც ოსტეოპოროზის პრევენციისთვის დამტკიცებული სხვა სამკურნალო საშუალებები უკუნაჩვენებია ან აღინიშნება მათი აუტანლობა.
ესტროფემი® განსაკუთრებით განკუთვნილია იმ ქალებისთვის, რომლებსაც ჩატარებულინ აქვთ ჰისტერექტომია და ამიტომ არ საჭიროებენ კომბინირებულ ესტროგენ/პროგესტაგენით თერაპიას.
65 წლის ზემოთ ასაკის ქალების მკურნალობის გამოცდილება შეზღუდულია.
- დოზირება და გამოყენების წესი
ესტროფემი® არის მხოლოდ ესტროგენის პრეპარატი ჰორმონების ჩანაცვლებისთვის. ესტროფემი® მიიღება პერორალურად, დღეში ერთი ტაბლეტი, შეწყვეტის გარეშე.
მენოპაუზის სიმპტომების მკურნალობის დასაწყებად და გასაგრძელებლად გამოიყენება ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა დროის ყველაზე მცირე პერიოდში (იხილეთ აგრეთვე ნაწილი 4.4).
ესტროფემის® უფრო მაღალ ან უფრო დაბალ დოზაზე გადასვლა ნაჩვენებია, თუ პასუხი სამი თვის შემდეგ არასაკმარისია სიმპტომების დამაკმაყოფილებლად მოხსნისთვის ან თუ ამტანობა არადამაკმაყოფილებელია.
ძვლის მინერალური შემცველობის დაკარგვის პრევენცია, როგორც წესი, მიიღწევა დღეში 1-2 მგ ესტრადიოლით, ამიტომ უფრო მაღალი დოზები ჩვეულებრივ არ გამოიყენება ოსტეოპოროზის გრძელვადიანი პროფილაქტიკისთვის.
საშვილოსნოს არმქონე ქალებში ესტროფემის® მიღების დაწყება შესაძლებელია ნებისმიერ მოსახერხებლ დღეს. საშვილოსნოს მქონე ქალებში, რომლებსაც აქვთ ამენორეა და გადმოდიან თანმიმდევრობითი ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიიდან, ესტროფემის® მიღების დაწყება შესაძლებელია სისხლდენის მე-5 დღეს და მხოლოდ პროგესტაგენთან კომბინაციაში მინიმუმ 12-14 დღე; უწყვეტი-კომბინირებული ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიიდან გადმოსვლის შემთხვევაში, ესტროფემის® პროგესტინთან ერთად მიღების დაწყება შესაძლებელია ნებისმიერ მოსახერხებელ დღეს. პროგესტაგენის ტიპი და დოზა უნდა უზრუნველყოფდეს ესტროგენით ინდუცირებული ენდომეტრიული პროლიფერაციის საკმარის ინჰიბირებას (იხილეთ აგრეთვე ნაწილი 4.4).
თუ პაციენტს დაავიწყდა ტაბლეტის მიღება, ტაბლეტი უნდა მიიღოს რაც შეიძლება მალე მომდევნო 12 საათის განმავლობაში. თუ გასულია 12 საათზე მეტი, ტაბლეტი უნდა გადააგდოთ. ტაბლეტის დავიწყებამ საშვილოსნოს მქონე ქალებში შეიძლება გაზარდოს ძლიერი სისხლდენის და სისხლიანი გამონადენის ალბათობა.
თუ არ არსებობს მანამდე დადგენილი ენდომეტრიოზის დიაგნოზი, რეკომენდებული არ არის პროგესტაგენის დამატება ჰისტერექტომიულ ქალებში.
- უკუჩვენებები
- დადასტურებული, წარსულში არსებული ან საეჭვო ძუძუს კიბო;
- დადასტურებული, წარსულში არსებული ან საეჭვო ესტროგენ-დამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნეები (მაგ., ენდომეტრიუმის კიბო)
- არადიაგნოსტირებული სისხლდენა სასქესო ორგანოებიდან;
- არანამკურნალები ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია;
- ადრე ან ამჟამად არსებული ვენური თრომბოემბოლია (ღრმა ვენის თრომბოზი, ფილტვის ემბოლიზმი);
- დადასტურებული თრომბოფილური დაავადების დარღვევები (მაგ.C პროტეინის, S პროტეინის ან ანტითრომბინის დეფიციტი (იხილეთ ნაწილი 4.4));
- აქტიური ან ცოტა ხნის წინ გადატანილი თრომბოემბოლიური დაავადება (მაგ., სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი);
- ღვიძლის მწვავე დაავადება ან ანამნეზში ღვიძლის დაავადება, თუ ღვიძლის ფუნქციის ანალიზები არ უბრუნდება ნორმალურ მაჩვენებლებს;
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის ან 6.1 პუნქტში ჩამოთვლილი ნებისმიერი დამხმარე საშუალების მიმართ;
- პორფირია.
- სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
პოსტმენოპაუზის სიმპტომების სამკურნალოდ ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია უნდა დაიწყოს მხოლოდ იმ სიმპტომებისთვის, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ცხოვრების ხარისხზე. ყველა შემთხვევაში, მინიმუმ წელიწადში ერთხელ მკაცრად უნდა შეფასდეს რისკები და სარგებელი და ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია უნდა გაგრძელდეს მხოლოდ მაშინ, თუ სარგებელი აღემატება რისკს.
რადგან ნაადრევი მენოპაუზის დროს (გამოწვეული საკვერცხეების უკმარისობით ან ქირურგიით) ქალების მკურნალობის გამოცდილება შეზღუდულია, ასევე მცირე მტკიცებულება არსებობს ნაადრევი მენოპაუზის მკურნალობისას ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიასთან დაკავშირებული რისკების შესახებ. უფრო ახალგაზრდა ქალებში აბსოლუტური რისკის დაბალი დონის გამო, ამ ქალებისთვის სარგებლისა და რისკის ბალანსი შეიძლება უფრო ხელსაყრელი იყოს, ვიდრე უფროსი ასაკის ქალებში.
სამედიცინო გამოკვლევა/დაკვირვება
ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის დაწყებამდე ან განახლებამდე უნდა შეიკრიბოს სრული პირადი და საოჯახო ანამნეზი. აუცილებელია ფიზიკალური (მენჯის და ძუძუს ჩათვლით) შემოწმება და უკუჩვენებების და გამოყენებისას სიფრთხილის ზომების შესაბამისად გათვალისიწნება. მკურნალობის დროს რეკომენდებულია პერიოდული შემოწმებები, რომელთა სიხშირე და ხასიათი განისაზღვრება ინდივიდუალურად. ქალებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ ძუძუს მხრივ რაიმე ცვლილებების შემჩნევისთანავე აცნობონ ექიმს ან ექთანს (იხილეთ ქვემოთ ნაწილი „ძუძუს კიბო“). კვლევები, მათ შორის, ინსტრუმენტული, მაგ., მამოგრაფია, უნდა ჩატარდეს მოქმედი აღიარებული სკრინინგ პრაქტიკების მიხედვით და მოდიფიცირდეს ინდივიდუალური კლინიკური საჭიროების შესაბამისად.
მდგომარეობები, რომლის დროსაც საჭიროა მეთვალყურეობა
თუ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა ამჟამად განვითარებულია, განვითარდა ადრე ან/და გამწვავდა ორსულობის ან მანამდე ჩატარებული ჰორმონული მკურნალობის დროს, აუცილებელია პაციენტის ზედმიწევნითი ზედამხედველობა. გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ეს მდგომარეობები შეიძლება ხელახლა განვითარდეს ან გამწვავდეს ესტროფემით® მკურნალობის დროს, კერძოდ:
- ლეიომიომა (საშვილოსნოს ფიბროიდები) ან ენდომეტრიოზი;
- თრომბოემბოლიური დარღვვების რისკ-ფაქტორები (იხილეთ ქვემოთ);
- ესტროგენ-დამოკიდებული სიმსივნეების რისკ-ფაქტორები, მაგ. ძუძუს კიბოს 1 ხარისხის მემკვიდრეობა;
- ჰიპერტენზია;
- ღვიძლის მხრივ დარღვევები (მაგ., ღვიძლის ადენომა);
- შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვების ჩართვით ან მის გარეშე;
- ქოლელითიაზი;
- შაკიკი ან (მძიმე) თავის ტკივილი;
- სისტემური წითელი მგლურა;
- ანამნეზში ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია (იხილეთ ქვემოთ);
- ეპილეფსია;
- ასთმა;
- ოტოსკლეროზი.
მიზეზები, რის გამოც დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას თერაპია
თერაპია უნდა შეწყდეს უკუჩვენების დადგენისას და შემდეგი მდგომარეობების დროს:
- სიყვითლე ან ღვიძლის ფუნქციის გაუარესება;
- არტერიული წნევის მნიშვნელოვნად მომატება;
- შაკიკის ტიპის თავის ტკივილის დაწყება;
- ორსულობა.
ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია და კარცინომა
იმ ქალებში, რომლებსაც აქვთ ინტაქტური საშვილოსნო, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის და კარცინომას რისკი მატულობს, როდესაც მხოლოდ ესტროგენები მიიღება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ენდომეტრიუმის კიბოს რისკის ზრდა 2-12-ჯერ უფრო დიდია მხოლოდ ესტროგენის მომხმარებლებს შორის, ვიდრე არამომხმარებლებს შორის, მკურნალობის ხანგრძლივობის და ესტროგენის დოზის მიხედვით (იხილეთ ნაწილი 4.8). მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ რისკი შეიძლება მომატებული იყოს მინიმუმ 10 წლის განმავლობაში.
პროგესტაგენის დამატება მინიმუმ 12 დღე ყოველ ციკლზე არაჰისტერექტომიულ ქალებში ახდენს მხოლოდ ესტროგენით ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიასთან ასოცირებული ჭარბი რისკის პრევენციას.
ინტაქტური საშვილოსნოს მქონე ქალებში მკურნალობის პირველი თვეების განმავლობაში შეიძლება განვითარდეს ძლიერი სისხლდენა და სისხლიანი გამონადენი.
თუ ძლიერი სისხლდენა და სისხლიანი გამონადენი კვლავ ვითარდება თერაპიის დაწყებიდან რამდენიმე ხანში ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც გრძელდება, უნდა ჩატარდეს გამოკვლევა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ენდომეტრიუმის ბიოფსიას ენდომეტრიუმის ავთვისებიანი წარმონაქმნის გამოსარიცხად.
ესტროგენებით არაკომპენსირებულმა სტიმულაციამ შეიძლება გამოიწვიოს ენდომეტრიოზის ნარჩენი კერების კიბოსწინარე ან ავთვისებიანი ტრანსფორმაცია. ამიტომ, ქალებში, რომლებშიც ენდომეტრიოზის გამო ჩაუტარდა ჰისტერექტომია, უნდა განიხილებოდეს პროგესტაგენების დამატება ესტროგენების ჩანაცვლებით თერაპიაში, თუ მათ აქვთ ნარჩენი ენდომეტრიოზი.
ძუძუს კიბო
მტკიცებულება აჩვენებს, რომ არსებობს ძუძუს კიბოს მომატებული რისკი იმ ქალებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ ესტროგენ-პროგესტაგენის ან მხოლოდ ესტროგენის ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, რაც დამოკიდებულია ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის ხანგრძლივობაზე.
ქალთა ჯანმრთელობის ინიციატივის (WHI) კვლევით დადგინდა, რომ არ არსებობს ძუძუს კიბოს რისკის მომატება იმ ქალებში, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ჰისტერექტომია, მხოლოდ ესტროგენით ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის გამოყენებისას. დაკვირვების კვლევებისას უმეტესად ცნობილი გახდა ძუძუს კიბოს დიაგნოსტირების რისკის მცირედ მომატების შემთხვევები, რაც იმაზე დაბალია, ვიდრე ესტროგენ-პროგესტაგენის კომბინაციების მომხმარებლებში (იხილეთ ნაწილი 4.8).
მსხვილი მეტა-ანალიზიდან მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, ჭარბი რისკი მცირდება დროში და საბაზისო მაჩვენებლებზე დაბრუნებისათვის საჭირო დრო დამოკიდებულია მანამდე გამოყენებული ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის ხანგრძლივობაზე. როდესაც ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია ტარდებოდა 5 წელზე მეტ ხანს, რისკი შეიძლება არსებობდეს 10 ან მეტი წლის განმავლობაში.
ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია, განსაკუთრებით ესტროგენ-პროგესტაგენის კომბინირებული მკურნალობა, ზრდის მამოგრაფიული გამოსახულების სიმკვრივეს, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ძუძუს კიბოს რადიოლოგიურად გამოვლენაზე.
საკვერცხის კიბო
საკვერცხის კიბო გაცილებით უფრო იშვიათია, ვიდრე ძუძუს კიბო. მსხვილი მეტა-ანალიზიდან მიღებული ეპიდემიოლოგიური მტკიცებულება აჩვენებს, რომ რისკი ოდნავ მომატებულია იმ ქალებში, რომლებიც იყენებენ მხოლოდ ესტროგენის ან კომბინირებული ესტროგენ-პროგესტაგენის ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, რომელიც აშკარა ხდება გამოყენებიდან 5 წელში და მცირდება დროთა განმავლობაში შეწყვეტის შემდეგ.
ზოგიერთი სხვა კვლევა, მათ შორის კვლევა „ინიციატივა ქალთა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ (WHI), მიუთითებს, რომ კომბინირებული ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს მსგავს ან ოდნავ დაბალ რისკთან (იხილეთ ნაწილი 4.8).
ვენური თრომბოემბოლია
ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის დროს ვენური თრომბოემბოლიის, ანუ ღრმა ვენების თრომბოზის ან ფილტვის ემბოლიის, განვითარების რისკი 1.3-3-ჯერ, იზრდება. ასეთი მოვლენის განვითარების ალბათობა უფრო მაღალია ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის პირველ წელს, ვიდრე მოგვიანებით (იხილეთ ნაწილი 4.8).
დადასტურებული თრომბოფილური მდგომარეობების მქონე პაციენტებში მომატებულია ვენური თრომბოემბოლიის რისკი და ამ რისკს ზრდის ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია. ამიტომ, ასეთ პაციენტებში უკუნაჩვენებია ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია (იხილეთ ნაწილი 4.3).
ზოგადად, ვენური თრომბოემბოლიის მოვლენის აღიარებული რისკ ფაქტორებია ესტროგენების გამოყენება, უფროსი ასაკი, ქირურგიული ოპერაცია, ხანგრძლივი იმობილიზაცია, სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი > 30 კგ/მ2) ორსულობა/მშობიარობის შემდგომი პერიოდი, სისტემური წითელი მგლურა და კიბო. ვენური თრომბოემბოლიის განვითარებაში ვარიკოზული ვენების შესაძლო როლის შესახებ კონსენსუსი არ არსებობს.
ყველა პოსტოპერაციულ პაციენტში, განხილული უნდა იყოს პროფილაქტიკური ზომების მიღება ვენური თრომბოემბოლიის მოვლენის პრევენციისთვის ქირურგიული ჩარევის შემდეგ. თუ არჩევითი ქირურგიის შემდეგ დგება ხანგრძლივი იმობილიზაცია, რეკომენდებულია მანამდე 4-6 კვირით ადრე ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის დროებით შეწყვეტა. მკურნალობა უნდა განახლდეს მხოლოდ ქალის სრულად მობილიზების შემდეგ.
იმ ქალებში, რომლებსაც პირად ანამნეზში არ აქვთ ვენური თრომბოემბოლია, მაგრამ ახალგაზრდა ასაკში ანამნეზში უფიქსირდებათ თრომბოზი, უნდა ჩატარდეს სკრინინგი მისი შეზღუდვების განხილვის შემდეგ (სკრინინგით იდენტიფიცირდება თრომბოემბოლიური დეფექტების მხოლოდ ნაწილი).
თუ დგინდება თრომბოფილიური დეფექტი, რომელიც სეგრეგირდება თრომბოზთან ოჯახის წევრებში ან თუ დეფექტი არის „მძიმე“ (მაგ. ანტითრომბინი, პროტეინი S, პროტეინი C ნაკლებობა ან ამ დეფექტების კომბინაცია), ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია უკუნაჩვენებია.
იმ ქალებში, რომლებსაც უკვე უტარდებათ ქრონიკული ანტიკოაგულაციური თერაპია, საჭიროებს ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის სარგებლის-რისკის გამოყენების მკაცრად განხილვას.
თუ ვენური თრომბოემბოლია თერაპიის დაწყების შემდეგ ვითარდება, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. პაციენტებს უნდა უთხარათ, რომ დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ექიმს, თუ აღინიშნა პოტენციური თრომბოემბოლიური სიმპტომი (მაგ. ფეხის შეშუპება ტკივილით, გულის არეში უეცარი ტკივილი, დისპნოე).
კორონარული არტერიული დაავადება (CAD)
რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევებში არ არსებობს მონაცემები მიოკარდიუმის ინფარქტისგან დაცვის შესახებ ქალებში, რომლებსაც აქვთ ან არ აქვთ გულის კორონარული დაავადება და რომლებიც იმყოფებოდნენ ესტროგენ-პროგესტაგენით კომბინირებულ თერაპიაზე ან მხოლოდ ესტროგენის ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიაზე. რანდომიზებულმა კონტროლირებადმა კვლევებმა არ გამოავლინა გულის კორონარული დაავადების გაზრდილი რისკი ჰისტერექტომიის შემდგომ ქალებში, რომლებიც მკურნალობენ მხოლოდ ესტროგენით ჰორმონოთერაპიის დროს.
იშემიური ინსულტი
კომბინირებული ესტროგენ-პროგესტაგენის და მხოლოდ ესტროგენის თერაპია დაკავშირებულია იშემიური ინსულტის რისკის 1.5-ჯერ ზრდასთან. შედარებითი რისკი არ იცვლება ასაკთან და მენოპაუზის შემდეგ დროსთან ერთად. მიუხედავად ამისა, რადგან ინსულტის საბაზისო რისკი ძლიერ დამოკიდებულია ასაკზე, ინსულტის საერთო რისკი იმ ქალებში, რომლებიც იყენებენ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, გაიზრდება ასაკთან ერთად (იხილეთ ნაწილი 4.8).
სხვა მდგომარეობები
ესტროგენებმა შეიძლება გამოიწვიონ სითხის შეკავება და ამიტომ, აუცილებელია იმ პაციენტებზე დაკვირვება, რომლებსაც აქვთ გულის ან თირკმლის დისფუნქცია.
აუცილებელია იმ ქალების ზედმიწევნით დაკვირვება ჩანაცვლებითი ესტროგენული ან ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის დროს, რომლებსაც მანამდე ჰქონდათ ჰიპერტრიგლიცერიდემია, რადგან პლაზმური ტრიგლიცერიდების მნიშვნელოვნად მომატების იშვიათი შემთხვევები, რაც იწვევდა პანკრეატიტს, აღინიშნა ამ მდგომარეობის დროს ესტროგენით თერაპიისას.
ეგზოგენურმა ესტროგენებმა შეიძლება გამოიწვიოს ან გაამწვავოს მემკვიდრეობითი და შეძენილი ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები.
ესტროგენები ზრდიან თირეოიდული ბმის გლობულინს, რაც იწვევს მოცირკულირე საერთო თირეოიდული ჰორმონის მომატებას, რაც იზომება პროტეინ-შეკავშირებული იოდინით, T4 დონეებით (სვეტის ან რადიოიმუნოანალიზით) ან T3 დონეებით (რადიო-იმუნოანალიზით). T3 ფისის ათვისება მცირდება, რაც ასახავს თიროიდული ბმის გლობულინის მომატებას. თავისუფალი T4 და თავისუფალი T3 კონცენტრაციები უცვლელია. შრატში შეიძლება მომატებული იყოს სხვა შემაკავშირებელი პროტეინების დონე, მაგ., კორტიკოსტეროიდებთან შემაკავშირებული გლობულინი, სასქესო ჰორმონებთან შემაკავშირებული გლობულინი, რაც იწვევს მოცირკულირე კორტიკოსტეროიდების და სასქესო სტეროიდების დონის მომატებას. თავისუფალი ან ბიოლოგიურად აქტიური ჰორმონული კონცენტრაციები უცვლელია. შეიძლება გაიზარდოს სხვა პლაზმური პროტეინები (ანგიოტენზინოგენი/რენინის სუბსტრატი, ალფა-I-ანტიტრიპსინი, ცერულოპლაზმინი).
ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის გამოყენება არ აუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციას. არსებობს მტკიცებულება, რომ სავარაუდო დემენციის რისკი მომატებულია იმ ქალებში, რომლებიც იწყებენ კომბინირებული ან მხოლოდ ესტროგენის ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის უწყვეტად გამოყენებას 65 წლის ასაკის ზემოთ.
ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) დონის მომატება
კლინიკური კვლევების დროს C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) მქონე პაციენტების მონაწილეობით, რომლებიც გადიოდნენ კომბინირებულ მკურნალობას ომბიტასვირი/პარიტაპრევირი/რიტონავირით დასაბუვირთან ერთად ან მის გარეშე, ალტ-ს დონის მომატება, რომელიც 5-ჯერ აღემატებოდა ნორმის ზედა ზღვარს (ULN), უფრო ხშირი იყო ქალებში, რომლებიც იყენებდნენ ეთინილესტრადიოლის შემცველ სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივები. გარდა ამისა, გლეკაპრევირის/პიბრენტასვირის მიღებისას პაციენტებში დაფიქსირდა ალტ-ს დონის გაზრდა ეთინილესტრადიოლის შემცველი პროდუქტების, მაგ., კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას. ქალებში, რომლებიც იღებენ ეთინილესტრადიოლისგან განსხვავებულ ესტროგენების შემცველ სამკურნალო საშუალებებს, მაგ., ესტრადიოლს, ალტ-ს დონის მომატების შემთხვევები მსგავსი იყო მონაცემების იმ ქალებში, რომლებიც არ იღებდნენ ესტროგენებს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ამ ესტროგენებს შეზღუდული რაოდენობის ქალები იღებდნენ, რის გამოც სიფრთხილეა საჭირო კომბინირებული მკურნალობის სქემით ომბიტასვირი/პარიტაპრევირი/რიტონავირი დასაბუვირტან ერთად ან მის გარეშე, ასევე მკურნალობის სქემით გლეკაპრევირი/პიბრენტასვირი ერთდროული გამოყენებისას. იხილეთ ნაწილი 4.5.
დამხმარე ნივთიერებები:
ესტროფემის® ტაბლეტები შეიცავენ ლაქტოზას.
პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ გალაქტოზის აუტანლობის, ლაქტაზას სრული დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, არ უნდა მიიღონ ეს პრეპრატი.
ესტროფემი® 2 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ ტაბლეტში შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), რაც ნიშნავს, რომ ისინი პრაქტიკულად „არ შეიცავენ ნატრიუმს“.
- ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ესტროგენების მეტაბოლიზმი შეიძლება გაიზარდოს ისეთ სუბსტანციებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც ცნობილია, რომ აინდუცირებენ პრეპარატის მამეტაბოლიზებელ ფერმენტებს, კონკრეტულად ციტოქრომ P450 ფერმენტებს, როგორიცაა კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ., ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი) და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ. რიფამპიცინი, რიფაბუტინი, ნევირაპინი, ეფავირენცი).
ძლიერი ინჰიბიტორები რიტონვირი და ნელფინავირი, პირიქით, ავლენენ მაინდუცირებელ თვისებებს სტეროიდულ ჰორმონებთან ერთად გამოყენებისას. კრაზანას შემცველმა მცენარეულმა პრეპარატებმა (Hypericum Perforatum) შეიძლება გამოიწვიონ ესტროგენების მეტაბოლიზმი.
კლინიკურად, ესტროგენების მომატებულმა მეტაბოლიზმმა შეიძლება გამოიწვიოს ეფექტის შემცირება და ცვლილებები საშვილოსნოსმიერი სისხლდენის პროფილში.
ესტროგენებით ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპიის ზეგავლენა სხვა სამკურნალო პროდუქტებზე.
ერთდროული მიღებისას ესტროგენის შემცველი ჰორმონალური კონტრაცეპტივები მნიშვნელოვნად ამცირებენ ლამოტრიგინის კონცენტრაციებს პლაზმაში, ლამოტრიგინის გლუკურონიდაციის ინდუქციის გამო. ამან შეიძლება შეამციროს კრუნჩხვების კონტროლი. მიუხედავად იმისა, რომ ჰორმონალურ ჩანაცვლებით თერაპიასა და ლამოტრიგინს შორის პოტენციური ურთიერთქმედება არ არის შესწავლილი, მოსალოდნელია, რომ მსგავსი ურთიერთქმედება არსებობს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვების კონტროლის შემცირება ქალებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ორივე სამკურნალო პროდუქტს.
ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები
კლინიკური კვლევების დროს C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) მქონე პაციენტების მონაწილეობით, რომლებიც გადიოდნენ კომბინირებულ მკურნალობას ომბიტასვირი/პარიტაპრევირი/რიტონავირით დასაბუვირთან ერთად ან მის გარეშე, ALT-ს დონის მომატება, რომელიც 5-ჯერ აღემატებოდა ნორმის ზედა ზღვარს (ULN), უფრო ხშირი იყო ქალებში, რომლებიც იყენებდნენ ეთინილესტრადიოლის შემცველ სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივები. ქალებში, რომლებიც იღებენ ეთინილესტრადიოლისგან განსხვავებულ ესტროგენების შემცველ სამკურნალო საშუალებებს, მაგ., ესტრადიოლს, ALT-ს დონის მომატების შემთხვევები მსგავსი იყო მონაცემების იმ ქალებში, რომლებიც არ იღებდნენ ესტროგენებს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ამ ესტროგენებს შეზღუდული რაოდენობის ქალები იღებდნენ, რის გამოც სიფრთხილეა საჭირო კომბინირებული მკურნალობისას სქემით ომბიტასვირი/პარიტაპრევირი/რიტონავირი დასაბუვირთან ერთად ან მის გარეშე, ასევე მკურნალობის სქემით გლეკაპრევირი/პიბრენტასვირი ერთდროული გამოყენებისას. იხილეთ ნაწილი 4.4.
- ფერტილურობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ესტროფემი® ნაჩვენები არ არის ორსულობის დროს. თუ ორსულობა ესტროფემით® მკურნალობის დროს დადგა, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
დღემდე ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევების უმეტესობის შედეგები, რომლებიც ეხება ნაყოფზე ესტროგენების შემთხვევით ზემოქმედებას, არ მიუთითებს ტერატოგენულ ან ოტოტოქსიკურ ეფექტებზე.
ლაქტაცია.
ესტროფემი® არ არის ნაჩვენები ძუძუთი კვების დროს.
- ეფექტები ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ესტროფემ®-ს არ გააჩნია დადასტურებული მოქმედება ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
- არასასურველი ეფექტები
კლინიკური გამოცდილება
კლინიკურ კვლევებში პაციენტების 10%-ზე ნაკლებს აღენიშნებოდა გვერდითი მოვლენები პრეპარატის მიმართ. ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენებია სარძევე ჯირკვლების მომატებული მგრძნობელობა / სარძევე ჯირკვლების ტკივილი, მუცლის ტკივილი, შეშუპება და თავის ტკივილი.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები გამოვლინდა კლინიკურ კვლევებში ესტროფემით® მკურნალობის დროს.
ხშირი: >1/100 და <1/10
ფსიქიკური დარღვევები
- დეპრესია.
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები:
- თავის ტკივილი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები:
- მუცლის ტკივილი ან გულისრევა.
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ დარღვევები:
- სპაზმები ფეხებში.
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჭირკვლების მხრივ:
- სარძევე ჯირკვლების მომატებული მგრძნობელობა, სარძევე ჯირკვლების გადადიდება ან სარძევე ჯირკვლების ტკივილი.
ზოგადი დარღვევები და გამოყენების ადგილის მდგომარეობა:
- შეშუპება.
კვლევები:
- წონის მომატება.
არახშირი: >1/1 000 და <1/100
დარღვევები თვალის მხრივ:
- მხედველობის დარღვევა.
სისხლძარღვების მხრივ:
- ვენური ემბოლიზმი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები:
- დისპეფსია
- ღებინება
- შებერილობა ან მეტეორიზმი.
ჰეპატობილიარული დარღვევები:
- ქოლელითიაზი.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები:
- გამონაყარი ან ჭინჭრის ციება.
პოსტმარკეტინგული გამოცდილება
ზემოთ აღნიშნული წამლის უარყოფითი რეაქციების გარდა, სპონტანურად აღინიშნა ქვემოთ ჩამოთვლილი რეაქციები და ზოგადი შეფასებით ისინი სავარაუდოდ მიიჩნევა ესტროფემით® მკურნალობასთან კავშირში. აღნიშნული სპონტანური წამლის უარყოფითი რეაქციების სიხშირე არის ძალიან იშვიათი (<1/10,000, ცნობილი არ არის (შეფასება შეუძლებელია არებული მონაცემების საფუძველზე)). პოსტმარკეტინგული გამოცდილება არასათანადო ინფორმირებასთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით ტრივიალურ და კარგად ცნობილ უარყოფით რეაქციებთან მიმართებაში. წარმოდგენილი სიხშირეები უნდა განიმარტოს ამ კუთხით:
- იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები: გენერალიზებული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგ., ანაფილაქსური რეაქცია/შოკი)
- ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები: შაკიკის გამწვავება, ინსულტი, თავბრუსხვევა, დეპრესია
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები: დიარეა
- კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები: ალოპეცია
- რეპროდუქციული სისტემის და მკერდის მხრივ: არარეგულარული ვაგინალური სისხლდენა*
- კვლევები: არტერიული წნევის მომატება.
სხვა ესტროგენებით მკურნალობის დროს აღწერილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:
- მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის შეგუბებითი უკმარისობა
- ვენური თრომბოემბოლია, ე.ი. ფეხის ან მენჯის ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის ემბოლია
- ნაღვლის ბუშტის დაავადება
- კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები: ქლოაზმა, მულტიფორმული ერითემა, კვანძოვანი ერითემა, ვასკულური პურპურა, ქავილი
- ვაგინალური კანდიდოზი
- ესტროგენ-დამოკიდებული კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ნეოპლაზმები, მაგ., ენდომეტრიუმის კიბო (იხილეთ ნაწილი 4.4), ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია და საშვილოსნოში ფიბროიდების ზომის მომატება*
- უძილობა
- ეპილეფსია
- ლიბიდოს დაქვეითება (დაუზუსტებელი)
- ასთმის მიმდინარეობის გაუარესება
- სავარაუდო დემენცია (იხილეთ ნაწილი 4.4).
*ქალებში, რომლებსაც არ აქვთ ჩატარებული ჰისტეროქტომია.
ძუძუს კიბოს რისკი
მხოლოდ ესტროგენით მკურნალობისას რისკი უფრო დაბალია, ვიდრე ესტროგენ-პროგესტაგენის კომბინაციის გამოყენებისას.
რისკის დონე დამოკიდებულია გამოყენების ხანგრძლივობაზე (იხილეთ ნაწილი 4.4).
ქვემოთ წარმოდგენილი აბსოლუტური რისკის შეფასებები ეფუძნება ყველაზე დიდ რანდომიზებულ პლაცებო-კონტროლირებად კვლევას (WHI კვლევა) და პერსპექტიული ეპიდემიოლოგიური კვლევების ყველაზე დიდ მეტაანალიზს.
პერსპექტიული ეპიდემიოლოგიური კვლევების უდიდესი მეტაანალიზი
ძუძუს კიბოს სავარაუდო დამატებითი რისკი 5 წლიანი გამოყენების შემდეგ ქალებში, რომელთა სხეულის მასის ინდექსია 27 (კგ/მ²).
ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია მხოლოდ ესტროგენებით
ასაკი ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის დაწყებისას (წლები): 50
შემთხვევა ყოველ 1,000 მომხმარებელზე, რომელსაც არასოდეს გამოუყენებია ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია 5-წლიან პერიოდზე (50-54 წლის)*: 13.3
რისკის შეფარდება: 1.2
დამატებითი შემთხვევები ყოველ 1,000 ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის მომხმარებელზე 5 წლის შემდეგ: 2.7
კომბინაცია ესტროგენი-პროგესტაგენი
ასაკი ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის დაწყებისას (წლები): 50
შემთხვევა ყოველ 1,000 მომხმარებელზე, რომელსაც არასოდეს გამოუყენებია ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია 5-წლიან პერიოდზე (50-54 წლის)*: 13.3
რისკის შეფარდება: 1.6
დამატებითი შემთხვევები ყოველ 1,000 ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის მომხმარებელზე 5 წლის შემდეგ: 8.0
*აღებულია საბაზისო ინციდენტობის მაჩვენებლიდან ინგლისში 2015 წელს იმ ქალებში, რომელთა სხეულის მასის ინდექსია 27 (კგ/მ2)
შენიშვნა: რადგან ძუძუს კიბოს ფონური ინციდენტობა სხვადასხვაგვარია ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში, ძუძუს კიბოს დამატებითი შემთხვევები ასევე შეიცვლება პროპორციულად.
ძუძუს კიბოს სავარაუდო დამატებითი რისკი 10 წლიანი გამოყენების შემდეგ ქალებში, რომელთა სხეულის მასის ინდექსია 27 (კგ/მ2)
მხოლოდ ესტროგენით ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია
ასაკი ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის დაწყებისას (წლები): 50
შემთხვევა ყოველ 1,000 მომხმარებელზე, რომელსაც არასოდეს გამოუყენებია ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია 10-წლიან პერიოდზე (50-59 წლის)*: 26.6
რისკის შეფარდება: 1.3
დამატებითი შემთხვევები ყოველ 1,000 ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის მომხმარებელზე 10 წლის შემდეგ: 7.1
კომბინაცია ესტროგენი-პროგესტაგენი
ასაკი ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის დაწყებისას (წლები): 50
შემთხვევა ყოველ 1,000 მომხმარებელზე, რომელსაც არასოდეს გამოუყენებია ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია 10-წლიან პერიოდზე (50-59 წლის)*: 26.6
რისკის შეფარდება: 1.8
დამატებითი შემთხვევები ყოველ 1,000 ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის მომხმარებელზე 10 წლის შემდეგ: 20.8
*აღებულია საბაზისო ინციდენტობის მაჩვენებლიდან ინგლისში 2015 წელს იმ ქალებში, რომელთა სხეულის მასის ინდექსია 27 (კგ/მ2)
შენიშვნა: რადგან ძუძუს კიბოს ფონური ინციდენტობა სხვადასხვაგვარია ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში, ძუძუს კიბოს დამატებითი შემთხვევები ასევე შეიცვლება პროპორციულად.
აშშ-ს WHI კვლევები – ძუძუს კიბოს დამატებითი რისკი 5 წლიანი გამოყენების შემდეგ.
CEE მხოლოდ ესტროგენი
ასაკობრივი დიაპაზონი(წლები): 50-79
შემთხვევა ყოველ 1,000 ქალზე პლაცებოს ჯგუფში 5 წლის პერიოდზე: 21
რისკის შეფარდება და 95% სანდოობის ინტერვალი: 0.8 (0.7-1.0)
დამატებითი შემთხვევები ყოველ 1,000 ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის მომხმარებელზე (95% სანდოობის ინტერვალი): -4 (-6-0)*
CEE+MPA ესტროგენი-პროგესტაგენი**
ასაკობრივი დიაპაზონი(წლები): 50-79
შემთხვევა ყოველ 1,000 ქალზე პლაცებოს ჯგუფში 5 წლის პერიოდზე: 17
რისკის შეფარდება და 95% სანდოობის ინტერვალი: 1.2 (1.0-1.5)
დამატებითი შემთხვევები ყოველ 1,000 ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის მომხმარებელზე (95% სანდოობის ინტერვალი): 4 (0-9)
*WHI კვლევა საშვილოსნოს არმქონე ქალებში, რამაც არ აჩვენა ძუძუს კიბოს რისკის ზრდა
**როდესაც ანალიზი შემოიფარგლებოდა იმ ქალებით, რომლებშიც კვლევამდე ჩატარებული არ იყო ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია, მკურნალობის პირველი 5 წლის განმავლობაში აშკარა არ იყო რისკის მომატება. 5 წლის შემდეგ რისკი უფრო მაღალი იყო, ვიდრე არამომხმარებლებში.
ენდომეტრიუმის კიბოს რისკი
საშვილოსნოს მქონე ქალები პოსტმენოპაუზის დროს
ენდომეტრიუმის კიბოს რისკი დაახლოებით არის 5 ყოველ 1 000 ქალში, რომელსაც აქვს საშვილოსნო და არ იყენებს ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას.
საშვილოსნოს მქონე ქალებში რეკომენდებული არ არის მხოლოდ ესტროგენის ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია, რადგან იგი ზრდის ენდომეტრიუმის კიბოს რისკს (იხილეთ ნაწილი 4.4).
მხოლოდ ესტროგენის გამოყენების ხანგრძლივობის და ესტროგენის დოზის მიხედვით, ენდომეტრიუმის კიბოს რისკის მომატება ეპიდემიოლოგიურ კვლევებში მერყეობდა 5 და 55 დამატებით შემთხვევას შორის, რაც დიაგნოსტირებული იყო ყოველ 50-65 წლის ასაკის 1 000 ქალში.
აღნიშნული მომატებული რისკის პრევენცია შესაძლებელია მხოლოდ ესტროგენით თერაპიაზე პროგესტაგენის დამატებით მინიმუმ 12 დღე ყოველი ციკლის დროს. მილიონი ქალის კვლევაში კომბინირებული ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის 5 წლიანი გამოყენებისას (თანმიმდევრობითი ან უწყვეტი) არ გაიზარდა ენდომეტრიუმის კიბოს რისკი (რისკის შეფარდება 1.0 (0.8-1.2)).
საკვერცხის კიბოს რისკი
მხოლოდ ესტროგენის ან კომბინირებული ესტროგენ-პროგესტაგენის კომბინირებული ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის გამოყენება დაკავშირებულია საკვერცხის კიბოს დიაგნოსტირების მცირედ მომატებულ რისკთან (იხილეთ ნაწილი 4.4).
52 ეპიდემიოლოგიური კვლევის მეტა-ანალიზით ცნობილი გახდა საკვერცხის კიბოს რისკის მომატების შესახებ იმ ქალებში, რომლებიც იმ დროს იყენებდნენ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას იმ ქალებთან შედარებით, რომლებსაც არასოდეს გამოუყენებიათ ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია (რისკის შეფარდება 1.43, 95% სანდოობის ინტერვალი 1.31-1.56). 50-54 წლის ასაკის ქალებისთვის, რომლებიც 5 წლის განმავლობაში იყენებდნენ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, ეს იწვევს დაახლოებით 1 დამატებით შემთხვევას ყოველ 2,000 მომხმარებელზე. 50-54 წლის ასაკის ქალებისთვის, რომლებიც არ იყენებდნენ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას, 2,000-დან დაახლოებით 2 ქალში დიაგნოსტირდება საკვერცხის კიბო დაახლოებით 5-წლიან პერიოდში.
ვენური თრომბოემბოლიის რისკი
ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია დაკავშირებულია ვენური თრომბოემბოლიის განვითარების 1.3-დან 3-ჯერ მომატების რელატიურ რისკთან, ე.ი. ღრმა ვენის თრომბოზთან ან ფილტვის ემბოლიზმთან. ასეთი მოვლენის განვითარების ალბათობა უფრო მაღალია ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის გამოყენების პირველ წელს (იხილეთ ნაწილი 4.4). WHI კვლევების შედეგები წარმოდგენილია ქვემოთ.
WHI კვლევები – ვენური თრომბოემბოლიის დამატებითი რისკი 5 წლიანი გამოყენებისას
მხოლოდ პერორალური ესტროგენი*
ასაკობრივი დიაპაზონი (წლები): 50-59
შემთხვევა ყოველ 1 000 ქალზე პლაცებოს ჯგუფში 5 წლის პერიოდზე: 7
რისკის შეფარდება და 95% სანდოობის ინტერვალი: 1.2 (0.6-2.4)
დამატებითი შემთხვევები ყოველ 1,000 ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის მომხმარებელზე 5 წლიან პერიოდზე (95% სანდოობის ინტერვალი): 1 (-3-10)
პერორალური კომბინირებული ესტროგენ-პროგესტაგენი
ასაკობრივი დიაპაზონი (წლები): 50-59
შემთხვევა ყოველ 1,000 ქალზე პლაცებოს ჯგუფში 5 წლის პერიოდზე: 4
რისკის შეფარდება და 95% სანდოობის ინტერვალი: 2.3 (1.2-4.3)
დამატებითი შემთხვევები ყოველ 1,000 ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის მომხმარებელზე 5 წლიან პერიოდზე (95% სანდოობის ინტერვალი): 5 (1-13)
*კვლევა საშვილოსნოს არქმონე ქალებში.
კორონარული არტერიის დაავადების რისკი
კორონარული არტერიის დაავადების რისკი მცირედ მომატებულია 60 წლის ზემოთ ასაკის იმ მომხმარებლებში, რომლებიც იყენებენ ესტროგენ-პროგესტაგენის ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას (იხილეთ ნაწილი 4.4).
იშემიური ინსულტის რისკი
მხოლოდ ესტროგენის და ესტროგენ-პროგესტაგენის თერაპიის გამოყენება დაკავშირებულია იშემიური ინსულტის 1.5-ჯერ მომატების რისკთან. ჰემორაგიული ინსულტის რისკი არ იზრდება ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის გამოყენების დროს.
აღნიშნული რისკი დამოკიდებული არ არის ასაკზე ან გამოყენების ხანგრძლივობაზე, მაგრამ საბაზისო რისკი მყარად არის დაკავშირებული ასაკთან. ინსულტის საერთო რისკი იმ ქალებში, რომლებიც იყენებენ ჩანაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას ასაკთან ერთად იზრდება (იხილეთ ნაწილი 4.4).
WHI კვლევები – იშემიური ინსულტის* დამატებითი რისკი 5 წლიანი გამოყენებისას
ასაკობრივი დიაპაზონი (წლები): 50-59
შემთხვევა ყოველ 1,000 ქალზე პლაცებოს ჯგუფში 5 წლის პერიოდზე: 8
რისკის შეფარდება და 95% სანდოობის ინტერვალი: 1.3 (1.1 – 1.6)
დამატებითი შემთხვევები ყოველ 1,000 ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის მომხმარებელზე 5 წლიან პერიოდზე (95% სანდოობის ინტერვალი): 3 (1-5)
*იშემიურ და ჰემორაგიულ ინსტულტს შორის დიფერენცირება არ მომხდარა.
- ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებისას შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა და ღებინება. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს და მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური.
- ფარმაკოლოგიური თვისებები
- ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბუნებრივი და ნახევრად სინთეზური ესტროგენები, მარტივი, ათქ კოდი: G03CA03.
აქტიური ინგრედიენტი, სინთეზური 17β-ესტრადიოლი, ქიმიურად და ბიოლოგიურად ადამიანის ენდოგენური ესტრადიოლის იდენტურია. იგი აღადგენს ქალებში ესტროგენის დანაკარგს მენოპაუზის დროს და ამსუბუქებს მენოპაუზის სიმპტომებს.
მენოპაუზის სიმპტომების შემსუბუქება მიიღწევა მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ესტროგენები ახდენენ ძვლის დანაკარგის პრევენციას მენოპაუზის ან ოვარექტომიის შემდეგ.
მენოპაუზის დროს ესტროგენების დეფიციტი დაკავშირებულია ძვლის მომატებულ ბრუნვასთან და ძვლის მასის შემცირებასთან. ესტროგენების ეფექტი ძვლების მინერალურ სიმკვრივეზე დოზადამოკიდებულია. დაცვა ეფექტურია იმ დრომდე, ვიდრე მიმდინარეობს მკურნალობა. ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის შეწყვეტის შემდეგ ძვლის მასის დაკარგვა ხდება ისეთივე სიჩქარით, როგორიც არანამკურნალებ ქალებში.
WHI კვლევიდან და მეტა-ანალიზირებული კვლევებიდან მიღებული მტკიცებულება აჩვენებს, რომ ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის გამოყენება, ცალკე ან პროგესტაგენთან კომბინაციაში – უპირატესად ჯანმრთელ ქალებში გამოყენებისას – ამცირებს ბარძაყის, ხერხემლის და სხვა ოსტეოპოროზული მოტეხილობების რისკს. ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია ასევე ახდენს მოტეხილობების პრევენციას იმ ქალებში, რომლებსაც აქვთ ძვლის დაბალი სიმკვრივე და/ან დადგენილი ოსტეოპოროზი, მაგრამ ამის მტკიცებულება შეზღუდულია.
ესტროფემის® ეფექტები ძვლის მინერალურ სიმკვრივეზე შემოწმდა ორწლიანი რანდომიზებული, ორმაგი-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებული კვლევის ფარგლებში, რომელიც ჩატარდა ქალებში ნაადრევი პოსტმენოპაუზის დროს (n=166, მათ შორის 41 იღებდა ესტროფემს 1 მგ და 42 ესტროფემს 2 მგ). ესტროფემი® 1 მგ და 2 მგ ახდენდა წელის არეში ხერხემალზე და მთლიანად ბარძაყზე ძვლის დანაკარგის მნიშვნელოვან პრევენციას პლაცებოს მიმღებ ქალებთან შედარებით. ძვლის მინერალური სიმკრივის ცვლილების საშუალო პროცენტის საერთო სხვაობა პლაცებოს საპირისპიროდ იყო 1 მგ და 2 მგ-სთვის შესაბამისად 4.3% და 5.3% ხერხემალზე წელის არეში, 4.0% და 3.9% თეძოს ყელზე. შესაბამისი მაჩვენებლები იყო 3.3% და 3.2% 2-წლიანი მკურნალობის შემდეგ.
იმ ქალების პროცენტი, რომლებშიც შენარჩუნდა ან შეძენილ იქნა ძვლის მინერალური სიმკვრივე წელის არეში მკურნალობის დროს იყო 61% და 68% იმ ქალებში, რომლებიც მკურნალობდნენ 1 მგ და 2 მგ ესტროფემით® შესაბამისად.
- ფარმაკოკინეტიკური თვისებები
Novo Nordisk-ის პერორალურად მიღებული მიკრონიზებული 17β-ესტრადიოლი, რომელიც შედის ესტროფემის® შემადგენლობაში, სწრაფად და ეფექტურად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რომელიც აღწევს პიკურ პლაზმურ კონცენტრაციას დაახლოებით 44 პგ/მლ-ს (დიაპაზონი 30-53 პგ/მლ) 2 მგ-ს მიღებიდან 4-6 საათის განმავლობაში. 17β-ესტრადიოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 14-16 საათია. 17β-ესტრადიოლის 90%-ზე მეტი უკავშირდება პლაზმის ცილებს.
17β-ესტრადიოლი იჟანგება ესტრონის წარმოქმნით, რომელიც თავის მხრივ გარდაიქმნება ესტრონის სულფატად. ორივე ტრანსფორმაცია ძირითადად ღვიძლში ხდება. ესტროგენები გამოიყოფა ნაღველში და შემდეგ განიცდის რეაბსორბციას ნაწლავიდან. დეგრადაცია ამ ენტეროჰეპატური ცირკულაციის დროს ხდება. 17β-ესტრადიოლი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით (90-95%) ბიოლოგიურად არააქტიური გლუკურონიდისა და სულფატის კონიუგატების სახით ან განავლით (5-10%) ძირითადად არაკონიუგირებული სახით.
- უსაფრთხოების წინაკლინიკური მონაცემები
ესტროგენების მწვავე ტოქსიკურობა დაბალია. ცხოველთა სახეობებს შორის და ცხოველებსა და ადამიანებს შორის წინაკლინიკური შედეგების მნიშვნელოვანი სხვაობები არ იძლევა საკმარის საპროგნოზო მნიშვნელობას ადამიანებში ესტროგენების გამოყენებისთვის.
ექსპერიმენტულ ცხოველებში ესტრადიოლმა ან ესტრადიოლის ვალერატმა გამოავლინა ემბრიოლეტალური მოქმედება შედარებით დაბალ დოზებზეც; აღინიშნა შარდსასქესო ტრაქტის მალფორმაციები და მამრობითი ნაყოფის ფემინიზაცია.
განმეორებითი დოზების ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის და კარცინოგენური პოტენციალის ტრადიციული კვლევების საფუძველზე არსებული წინაკლინიკური მონაცემები არ ავლენს რაიმე განსაკუთრებულ რისკს ადამიანებისთვის, გარდა იმ რისკებისა, რომლებიც განხილულია ინსტრუქციის სხვა ნაწილებში.
- ფარმაცევტული მონაცემები
- დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ტაბლეტის ბირთვი:
ლაქტოზას მონოჰიდრატი
სიმინდის სახამებელი
ჰიდროქსიპროპილცელულოზა
ტალკი
მაგნიუმის სტეარატი
აპკიანი გარსი:
ჰიპრომელოზა, ინდიგო კარმინი (E132), ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171) და მაკროგოლი 400.
- შეუთავსებლობა
არ აღინიშნება.
- შენახვის ვადა
ვარგისობის ვადა მითითებულია ეტიკეტზე და კოლოფზე „Expiry“-ის შემდეგ.
- სპეციალური სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება 300C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ შეინახოთ მაცივარში.
- კონტეინერის სახეობა და შიგთავსი
1×28 ტაბლეტი ან 3×28 ტაბლეტი კალენდარულ ციფერბლატიან შეფუთვებში.
კალენდარული შეფუთვა 28 ტაბლეტით შედგება შემდეგი სამი ნაწილისგან:
- ფერადი, გაუმჭვირვალე პოლიპროპილენისგან დამზადებული ბაზა;
- გამჭვირვალე პოლისტიროლისგან დამზადებული რგოლისებრი თავსახური
- ფერადი პოლისტიროლისგან დამზადებული ცენტრალური ციფერბლატი
ყველა შეფუთვა შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.
- სპეციალური სიფრთხილის ზომები უტილიზაციის დროს
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენი მასალა უნდა უტილიზდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
- მწარმოებელი
Novo Nordisk A/S
ნოვო ალე
DK-2880 ბაგსვერდი
დანია
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.








